воскресенье, 15 декабря 2013 г.

იგავი მდიდრისა და ლაზარეს შესახებ {განხილვა–ნაწილი პირველი}



იგავი მდიდრისა და ლაზარეს შესახებ
ლუკა 16:19-31.

„იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა.
ასევე იყო ერთი გლახაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა დაწყლულებული.
ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ.
მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს.
და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში.
შესძახა და თქვა: ‘მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თავისი თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიტანჯები ამ ალში.’
უთხრა აბრაამმა: ‘შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენს სიცოცხლეში სიკეთე და ლაზარემ კი - სიავე. ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები.
ყოველივე ამის გარდა ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია დამყარებული, ასე რომ გადმოსვლის მსურველები ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვლენ და ვერც თქვენგან ჩვენსკენ.’
თქვა: ‘რაკი ასეა, გეხვეწები, მამაო, მიავლინე ეგ მამაჩემის სახლში.’
ვინაიდან ხუთი ძმა მყავს, რათა მათ დაუმოწმოს, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას.’
უთხრა მას აბრაამმა: ‘მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი. იმათ უსმინონ.
მან თქვა: ‘არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ.
უთხრა მას: ‘თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ მოუსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ.’
ძალიან საინტერესო და ერთი შეხედვით, უცნაურ ამბავს მოგვითხრობს იესო  ქრისტე. როდესაც ბავშვობაში წავიკითხე ეს ახალაღთქმისეული ისტორია, დარწმუნებული ვიყავი, რომ მდიდარი ჯოჯოხეთში თავისი სიმდიდრის გამო მოხვდა, ხოლო ლაზარე სამოთხეში − თავისი სიღარიბის გამო. ახლა შეიძლება ეს სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მაშინ, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ასე ასწავლიდნენ. საქართველოც ხომ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო,  კომუნიზმი კი სიმდიდრეს სირცხვილად მიიჩნევდა, თანაც, რაოდენ პარადოქსულადაც  უნდა მოგეჩვენოთ, ქრისტიანული მრწამსის სხვადასხვა განშტოება ეთანხმებოდა ამ ცრუ  სწავლებას. ახლა ყველაფერი  შეიცვალა, მაგრამ ოდესღაც წაკითხული ეს ბიბლიური ამბავი  ახლა უფრო გაუგებარიაღმოჩნდა ჩემთვის: თუ სიმდიდრე არ იყო მდიდრის ჯოჯოხეთსი მოხვედრის მიზეზი, მაშინ რატომ აღმოჩნდა ის ჯოჯოხეთში? თანაც, თუ დღეს სიღარიბე  სირცხვილად ითვლება, მაშ, რატომ მოხვდა ლაზარე სამოთხეში? ამ კითხვებმა მაიძულა ამ  მეტად საინტერესო ისტორიის გამოკვლევა. სანამ უშუალოდ კითხვებზე პასუხს გავცემდეთ,  განვიხილოთ მისი მოკლე შინაარსი.
პირველი, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის იგავის ფორმით გადმოცემული ნამდვილი ისტორია. ეს იესო ქრისტემ განგებ გააკეთა და ამით მან ამ ისტორიის მორალურ მხარეზე გაამახვილა ყურადღება. მაშინდელ ისრაელში დიდი კლასობრივი განსხვავება არსებობდა მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ამიტომ ამბობს უფალი ესაია წინასწარმეტყველის პირით: „ისწავლეთ სიკეთის ქმნა, ეძებეთ სამართალი; გაამაგრეთ ჩაგრული, სამართლიანად გაასამართლეთ ობოლი, გამოესარჩლეთ ქვრივს“ (ესაია.1:17).
მეორე: კარგად უნდა ჩავწვდეთ ამ ისტორიის შინაარსს.
ეს ისტორია შეიცავს  ბიბლიის უმთავრეს დოქტრინალურ სწავლებათ და ვფიქრობ, ეს იყო მეორე მიზეზი ამ რეალური ისტორიის იგავის ფორმით გადმოცემისა. მოდით, ერთად განვიხილოთ, რომელ ძირითად დოქტრინალურ სწავლებათ ეხება იესო ქრისტე.
  ამ ისტორიაში არსებული დოქტრინალური სწავლებანი:
ა) ყველა მოკვდავია: მდიდარიც და ღარიბიც.
ბ) სწავლება სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაზე.
გ) სწავლება სამართლის შესახებ.
დ) სწავლება სამოთხისა და ჯოჯოხეთის, მათ შორის არსებული დიდი უფსკრულის
      შესახებ.
ე) სწავლება  ანგელოზების შესახებ.
ვ) სწავლებას მკვდრეთით აღდგომის შესახებ.
ზ) სწავლებას  ქრისტეს სახარების დამოწმებაზე.
თ) სწავლებას ღმერთის სიტყვის უპირობო და აბსოლუტური მნიშვნელობის შესახებ (მოსეს რჯული და წინასწარმეტყველები ღმერთის  სიტყვად მიიჩნეოდა და ებრაულად  „თანახი“ ეწოდებოდა. მასში შედიოდა ძველი აღთქმის ყველა კანონიკური წიგნი). 
მართლაც, ყველა ზემოხსენებული სწავლება დოქტრინალურია, რომელთაც ეფუძნება კიდეც ბიბლია. თუმცაღა, ეს ისტორია სხვა მიზანს ისახავს; იესო ქრისტემ ამ ისტორიის იგავის  ფორმით გადმოცემის მეშვეობით მნიშვნელოვანი ქრისტიანული პრინციპის შესახებ გვასწავლის. დავუბრუნდეთ ისტორიის დასაწყისს: „იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა, ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა.“ აქედან ნათლად ჩანს, რაოდენ მდიდარი იყო ეს პიროვნება. ხსენებული სტრიქონიდან გამომდინარე, მის სიმდიდრეზე სამი რამ მიუთითებს:  1. ძოწეულის სამოსი:  ტირის ძოწეული, მაღალი თვითღირებულებისა და საღებავების დეფიციტის გამო, ფაქტობრივად, ოქროს ფასად იყო შეფასებული. ერთი კილოგრამი საღებავის ნედლეულის ორთქლით დამუშავების შედეგად მხოლოდ 60 გრამი საღებავი ნივთიერება რჩებოდა. არადა, ერთი კილოგრამი მატყლის შესაღებად დაახლოებით 200 გრამი ძოწეულის საღებავი იყო საჭირო, ანუ სამ კილოგრამზე მეტი საღებავის ნედლეული. ამ რაოდენობის საღებავის მისაღებად საჭირო იყო, არანაკლებ 30 000 (!) მოლუსკის დაჭერა. აი, ამიტომ გახლდათ ძოწეულის ქსოვილი ყოველთვის ფუფუნების საგანი. ძოწეული ხომ ყველაზე ძვირადღირებული საღებავი იყო ანტიკურ სამყაროში! რომში, იმპერატორ ავგუსტინეს დროს, ძოწეულით ორჯერ შეღებილი ერთი კგ მატყლი 2000 დინარი ღირდა, ხოლო იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, ჩვ. წ. აღ-ით 301 წელს, მისი ფასი 50 000 დინარამდე გაიზარდა. ძოწეულის აბრეშუმი კიდევ უფრო ძვირად ფასობდა: 150 000 დინარი 1 ფუნტი, ანუ, თანამედროვე ვალუტაზე თუ გადავიყვანთ, 28 000 დოლარი. ამიტომაც საშუალო ფენის მაცხოვრებლისათვის შეუძლებელი  იყო ძოწეულის სამოსელის შეძენა.
2. ბისონის სამოსი. ბისონის ძაფებს ხმელთაშუაზღვისპირეთის მცხოვრებლები აგროვებდნენ სანაპირო ზოლში, ორმაგი ნიჟარის მქონე მოლუსკების (Pina nobilis) თავშეყრის ადგილას. მის ფეხში არის ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს ცილის საიდუმლოს - ბისუსს (byssus, რაც ბისონს ნიშნავს). ბისუსი მაგრდება აბრეშუმისმაგვარი მტკიცე ძაფის გროვასავით; თითოეული მათგანი ექვსი სანტიმეტრის სიგრძისაა. მათი მეშვეობით მოლუსკი ემაგრება წყალქვეშ არსებულ საგნებს. ერთი მოლუსკი წარმოქმნის 1-2 გრამ ძაფს, ამიტომაც, 200-300 გრამის ბისონის გამოსამუშავებლად, აუცილებელია ათასობით მოლუსკის ქვებისგან მოშორება და დამუშავება.
3. ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა – (ორიგინალში ზეიმობდა). იგულისხმება ის, რომ მას ყოველდღე შეეძლო ძალიან ძვირადღირებული საკვების მირთმევა მაშინ, როცა ხალხის უმრავლესობას არ ჰქონდა ამის ფუფუნება.
4. „ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა“ − მაშინ არ  არსებობდა ჩანგლები და დანები, არც ხელსახოცები ჰქონდათ და ამიტომ საკვებს ხელით მიირთმევდნენ, ძალიან მდიდარი ადამიანები კი ხელებს პურზე იწმენდდნენ და შემდეგ ამ პურს გარეთ ყრიდნენ. აი, ამგვარი პურის ნამცეცებს ნატრობდა ლაზარე. ყველა ზემოხსენებული ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი ძალიან მდიდარი გახლდათ. იესომ განგებ გაამახვილა ყურადღება მის  სიმდიდრეზე, რადგანაც იმ დროს ფარისევლები თვლიდნენ, რომ სიმდიდრე ადამიანის სიმართლესა და ღვთივკურთხეულობაზე მიუთითებდა. ამას ისინი მოსეს რჯულზე დაყრდნობით ამბობდენ (2რჯლ.28:1–9): „და თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა და შეასრულო ყველა მისი მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, დაგაყენებს შენ უფალი, შენი ღმერთი, ქვეყნიერების ყველა ხალხზე მაღლა. და გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა, და აღსრულდება შენზე, თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას. კურთხეულ იყავ ქალაქში და კურთხეულ იყავ მინდორში. კურთხეულ იყოს ნაყოფი შენი მუცლისა და ნაყოფი შენი მიწისა, და ნაყოფი შენი საქონლისა, მონაგები შენი მსხვილფეხა პირუტყვისა, და ნამატი შენი წვრილფეხა პირუტყვისა. კურთხეულ იყოს შენი ბეღლები და შენი საკუჭნაოები. კურთხეულ იყავ შენ შესვლისას და კურთხეულ იყავ შენი გამოსვლისას. და დასცემს უფალი შენს წინაშე შენს მტრებს, შენს წინააღმდგომთ. ერთი გზით წამოვლენ შენსკენ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან. მოგივლენს უფალი კურთხევას შენს ბეღლებში და ყველაფერში, რასაც შენი ხელი გააკეთებს. და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს შენ უფალი, შენი ღმერთი.“ ფს.36:25 − „ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, და მისი მოდგმა − პურზე ხელგაწვდილი.“ ამასთან, მათ იცოდნენ, რომ აბრაამის შთამომავლები იყვნე,აბრაამი კი, მათი სახელოვანი წინაპარი, მდიდარი კაცი გახლდათ. იესომ ფარისევლებს უჩვენა, რომ წარმომავლობა და სიმდიდრე არ არის სამოთხეში მოხვედრის საწინდარი. ამ ისტორიიდან ვერ ვხედავთ, რომ მდიდარი რაიმეთი ავიწროვებდა ლაზარეს ან ცუდად ექცეოდა; პირიქით, აქ  ჩანს  რომ მდიდარს არავითარი დარდი და საზრუნავი არ გააჩნდა, ამავდროულად, არც რაიმე  საზოგადოებრივ საქმიანობით იყო დაკავებული. იმ დროს ფარისევლები სიმდიდრეს იმოწმებდნენ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. მაინც, რა იყო მდიდარი კაცის ცოდვა? კარგად თუ ჩავუკვირდებით  კონტექსტს, დავინახავთ, რომ იესო მდიდარი კაცის ცოდვაზე ისტორიის დასაწყისშივე  მიუთითებს: „ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა.“ სწორედ ეს ყოველდღიური ნადიმი იყო  მისი პირველი ცოდვა, რადგანაც ის ათი მცნებიდან მეოთხე მცნებას არღვევდა. გამოსვლა 20:8-9 − „დაიცავი შაბათის დღე, რათა წმიდაჰყო იგი. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე.“ ეს მცნება არა მარტო შაბათის დაცვას შეეხებოდა, არამედ ექვსი დღის მანძილზე შრომას, რასაც მდიდარი არ ასრულებდა. ამ მცნებათა დაუცველობამ მდიდარი კაცი გულგრილად აქცია ლაზარეს მიმართ. მისი მთავარი ცოდვა იყო ის, რომ მან ბუნებრივად მიიჩნია ლაზარეს მდგომარეობა: ლაზარე უნდა წოლილიყო და დატანჯულიყო, მას კი განცხრომით უნდა ეცხოვრა. ცოდვა იყო ის, რომ მდიდარს შეეძლო გულმშვიდად ეყურებინა თავისი მოძმის ტანჯვისათვის, მიუხედავად იმისა, რომ მას შეეძლო ლაზარეს ტანჯვის  შემსუბუქება, მისი დახმარება. ამის ნაცვლად ის საერთოდ არაფრად აგდებდა ლაზარეს გაჭირვებას, არ აღელვებდა მისი ბედი, არადა ის ხომ მისი მოყვასი იყო და სახელიც კი  იცოდა მისი. ამას ვხედავთ ამავე ისტორიაში: როდესაც აბრაამს სთხოვა, ლაზარე გაეგზავნა მასთან: „შესძახა და თქვა: ‘მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე.“
მდიდრის შეეძლო სიკეთის გაკეთება, მაგრამ არ გააკეთა და სწორედ ეს იყო მისი ცოდვა. ამ იგავის სახით გადმოცემული ისტორიით ამხილა იესომ ფარისევლები და მწიგნობრები. უფალი იესო ქრისტე გვაფრთხილებს, რომ ჩვენც მსგავსი შეცდომა არ  დავუშვათ, რადგანაც  ქრისტიანობის არსი სწორედ ადამიანებისადმი მსახურებაშია. ამიტომაც ამბობს იესო: მათეს  სახარების  25-ე თავში: „მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: ‘წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, მწყუროდა და არ მასვით. უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული ვიყავი და საპყრობილეში და არ მომინახულეთ.’ მაშინ ისინიც მიუგებენ და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?’  მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ.’ და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი − საუკუნო სიცოცხლეში” (მათ.25:41–46). ამით  იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რამეთუ იცოდა, რომ უკანასკნელ ჟამს გამრავლდება გულგრილ ქრისტიანთა და გულგრილ ეკლესიათა რიცხვი, რომლებიც საკუთარი სიმდიდრით, ტრადიციებითა და გადმოცემათა დაცვით დაიკვეხნიან ისევე, როგორც ფარისევლები ამაყობდნენ იმით, რომ აბრაამის შთამომავლები იყვნენ და ვერც კი ხვდებოდნენ, რომ დაღუპვის გზას ადგნენ. სამწუხაროდ, ასეთ ტენდენციებს დღესაც ვხედავთ აბსოლუტურად ყველა ქრისტიანულ კონფესიაში, იქნება ეს კათოლიკური,  პროტესტანტული თუ მართლმადიდებლური. გამოცხადების წიგნში იესო ქრისტე მეშვიდე ეკლესიას სწორედ გულგრილობაში ამხელს, მიუხედავად იმისა, რომ ეს  ეკლესია ძალიან მრავალრიცხოვანი იყო და ბევრი შესაძლებლობაც გააჩნდა. მათი ქმედებანი სისაძაგლე იყო უფალ იესოსათვის: „ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს ამინი, მოწამე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა: ვიცი შენი საქმენი: შენ არც ცივი ხარ, არც ცხელი. ო, ნეტავ ან ცივი იყო ან ცხელი! მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ შენ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან. ვინაიდან შენ ამბობ: მე მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბედური ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი. მე გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით განწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი შესამოსლები, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა წაიცხო თვალებზე, რომ ხედავდე“ (გამოცხ. 3.14–18).
იესო ქრისტე გვაფრთხილებს, არ მოვიქცეთ ამ  მდიდარი ადამიანის მსგავსად,  არ ვიყოთ გულგრილნი გაჭირვებულთა მიმართ, ახლობელი იქნება, შორეული, თუ სულაც უცნობი ადამიანი, რამეთუ ესაა ქრისტიანობის არსი. მახსენდება დედა ტერეზას პასუხი, როდესაც მას დაუსვეს კითხვა, რატომ ეხმარებოდა გაჭირვებულებს. საოცარი იყო მისი პასუხი: „მე  ყველა გაჭირვებულ ადამიანში იესოს  ქრისტეს ვხედავ და როგორ შემიძლია ჩემს მხსნელს  უარი ვუთხრა?“
ამრიგად, ჩვენს რწმენას საქმეებიც უნდა ახლდეს, როგორც იაკობი წერს:
„ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა? თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას: ‘მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდოე,’ სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემთ, რა სარგებელია? ასევეა რწმენაც: თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია“ (იაკ. 2:14:17).
ჩვენ, ქრისტიანები, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც უნდა ვამოწმებდეთ ჩვენი რწმენის შესახებ, რამეთუ სწორედ ქრისტიანის კეთილი საქმეები განადიდებს უფალს. „ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათ.5:16).
ჩვენ განვიხილეთ ამ  შესანიშნავი ნამდვილი ამბის უარყოფითი გმირის ცხოვრება და  დავინახეთ, რომ მისი ცოდვა იყო მეოთხე მცნების დაუცველობა, რამაც კიდევ უფრო დიდ ცოდვაში − გულგრილობაში ჩააგდო. მაგალითად, ისევე, როგორც მეფე საულმა უფლისადმი ერთი დაუმორჩილებლობით მეფობა დაკარგა და უფლისათვის საძაგელი რამ ჩაიდინა − მისანს მიმართა.
ახლა ვნახოთ ამ ისტორიის მეორე მთავარი გმირი− ლაზარე,  რომელსაც იესო ასევე მოკლედ აღწერს. ეს ისტორია უნიკალურია იმითაც, რომ იესომ იმდენად ოსტატურად აღწერა, რომ მასში არც ერთი ზედმეტი ფრაზა არ მოიძებნება.პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ის ლაზარე არ არის, რომელსაც იესო ქრისტე იცნობდა და რომელიც შემდგომში მკვდრეთით აღადგინა (იხ. იოანეს მე-11 თავი). ლაზარეს შესახებ ფიქრისას, ყოველთვის მიკვირდა, რატომ მოხვდა ეს ადამიანი სამოთხეში. მას ხომ არაფერი გაუკეთებია ამისათვის. შევხედოთ ტექსტს, როგორ აღწერს მაცხოვარი  ლაზარეს:
„ასევე იყო ერთი გლახაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა დაწყლულებული.
ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ.“
პირველი, რაც იესომ აღნიშნა ისაა, რომ ის იყო გლახაკი ( πτωχος –რაც ღარიბს, უქონელს ნიშნავს). მეორე, რაზეც იესომ ყურადღება გაამახვილა ისაა, რომ ის იწვა დაწყლულებული (εβέβλητο – დაგდებული, მიგდებული). აქედან ჩანს, რომ ლაზარეს სიარული არ  შეეძლო, ის  უბრალოდ, იწვა ან იჯდა. ტექტსი არ გამცნობს, ლაზარე რაიმე  ცოდვის  გამო იყო ასეთ მდგომარეობაში, თუ წყევლა იყო მასზე.
მესამე, რაც იესომ აღნიშნა: ლაზარეს ენატრებოდა (επιθυμων –ძლიერ უნდოდა, ისწაფვოდა). მაშ, რატომ მოხვდა ლაზარე სამოთხეში? მისი სიღარიბისა და გაჭირვების გამო? არამც და არამც. მისი გადარჩენის საიდუმლო მის სახელშივეა საძიებელი. იესო ქრისტემ განგებ ამბობს  მის სახელს და ამას ორი მიზეზი აქვს. ლაზარე  (ებრ. אֶלְעָזָר – ილიაზარ – „ღმერთი ჩემი მხარდაჭერა და დახმარებაა“). ამ სახელით იესო ქრისტე  გვიხსნის ამ გლახაკი ადამიანის ბუნებას. ისტორიიდან ვიცით, რომ ებრაელები საკუთარ შვილებს სახელებს მათივე ბუნებიდან გამომდინარე არქმევდნენ სახელებს. მაგალითად, როდესაც იაკობის შვილს, იუდას, ვაჟი შეეძინა, მან მას ფერეცი დაარქვა, რაც  გარღვევას, გამტანს ნიშნავს (იხ. დაბ. 38:30 46).
მაშასადამე, იესო გვეუბნება, რომ, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა და ავადმყოფობისა, ამ ადამიანს არ დაუკარგავს ღმერთისადმი იმედი და რწმენა. ვერ ვხედავთ, რომ ის ბედს უჩიოდეს ან შურდეს მდიდრისა, ან გული ბოროტებით ჰქონდეს სავსე ადამიანთა მიმართ. პირიქით, მისი სახელი ნათლად გვაუწყებს მისი ბუნების შესახებ: ის მთლიანად ღმერთზე  იყო მინდობილი. იესო მკაფიოდ გვიჩვენებს, თუ რა მოაქვს შედეგად ღმერთზე იმედის დამყარებას.

„რადგან ნათქვამია წერილში: “აჰა, მე ვდებ სიონში ქვას, რჩეულსა და ძვირფას ქვაკუთხედს, და მისი მორწმუნე არ შერცხვება” (1 პეტრეს წერილი 4:16).

„
ხოლო თუ ვინმე იტანჯება, როგორც ქრისტიანი, ნუ შერცხვება, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო (რომ. 9:33).

„
როგორც სწერია: “აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ქვას და წატყუების კლდეს და, ყოველი, ვისაც სწამს იგი, არ შერცხვება” (რომ.10:11).

„
რადგან წერილი ამბობს: “არც ერთი მისი მორწმუნე არ შერცხვება (1 პეტრე 2:6).
 „არ შერცხვებიან ჩემი მოიმედენი!“ (ეს.49:23)
რაოდენ დიდ გაჭირვებაშიც უნდა ვიყოთ, სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ და არ გავბოროტდეთ. პირიქით, იესო მოგვიწოდებს, რომ მისდამი რწმენა და იმედი არ  დავკარგოთ.
მეორე, რასაც იესო გვეუბნება სახელით ლაზარე (ილიაზარ), ისაა, რომ ის მას სახელით  იცნობდა, რადგანაც ლაზარე გადარჩენილი იყო. იოანეს სახრებაში იესო ამბობს, რომ ის თავის ცხვრებს სახელებით იცნობს: „მეკარე უღებს მას, ცხვარს ესმის მისი ხმა, იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვარს და გამოჰყავს ისინი. მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე“ (იოან.10:3–14). ლაზარეს სახელი უკვე იყო სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი, რადგანაც მან ბოლომდე შეინარჩუნა ღმერთისადმი რწმენა: „გამარჯვებული შეიმოსავს თეთრ სამოსლებს და მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამის წინაშე და მისი ანგელოზების წინაშე“ (გამოცხ. 3:5).
ქრისტე ამ ისტორიით გვეუბნება: პირველი, სიმდიდრე და წარმომავლობა, ან წინაპართა ტრადიციები ვერ  გადაარჩენს ადამიანს. მეორე, ქრისტიანობა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ  საქმით უნდა მტკიცდებოდეს. სწორედ ეს აკლდათ ფარისევლებს და მწიგნობრებს; შეიძლება  ადამიანმა მთელი ბიბლია და მისი განმარტებანიც ზეპირად იცოდეს, მაგრამ თუ ეს ცოდნა  ღმერთს არ განადიდებს, ამაოებაა ყოფილა იგი. მესამე, შეიძლება დიდი თეოლოგიური  ცოდნა ან სიმდიდრე არ გააჩნდეს ადამიანს, მაგრამ ჰქონდეს უმთავრესი − ღმერთისადმი რწმენა და იმედი, რადგანაც თვითონ ბიბლია გვეუბნება: „იმიტომ, რომ, თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად, რადგან წერილი ამბობს: “არც ერთი მისი მორწმუნე არ შერცხვება” (რომ.10:9-10 –11).
პირველი ნაწილი   .

გიორგი ჯიჯიეშვილი