შესავალი
ამ ბიბლიური
კვლევის მიზანია სამყაროს წიგნთა-წიგნის, სულიერი ღმერთის სიტყვიერი გამოხატულების
- ბიბლიის სიტყვებში ჩაღრმავება და მასში, როგორც სულიერ სარკეში დანახვა როგორც საკუთარი
თავის - ასევე იმ ფონის, რომელ ფონშიც ვიმყოფებით - ეკლესიისა და ქვეყნიერებისა.
მიუხედავად
იმისა, რომ ვერ ვიტყვით, რომ ღმერთია ავტორი ყველა იმ უსამართლობისა და გახრწნილებისა
რაც ამ ქვეყანაზე ხდება, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ უფალმა დასაბამიდან იცოდა
ყველაფერი რაც იმ დროის განმავლობაში უნდა მომხდარიყო, რომელსაც თვითონ ქმნიდა. თუმცა
ის პატივს სცემდა საკუთარ შექმნილ დროის კანონებს, მაგრამ თავისი არსებით და ყოვლისშემძლეობით
არასდროს შეზღუდულა იმ კანონებით, რომელსაც თავის ქმნილებას უწესებდა.
ცხადია,
რომ ღმერთმა წინასწარ იცოდა რაც უნდა მომხდარიყო და მისთვის არაფერი ყოფილა უსიამოვნო
სურპრიზი მის მიერ შექმნილ სამყაროში.
ამიტომ ის
მოვლენები, რაც დღეს ხდება დედამიწასა თუ ეკლესიაში ღმერთს მიშვებული არ აქვს და შორიდან
არ ადევნებს თვალყურს არამედ ყველაფერი წინასწარ გათვლილი აქვს და აქვს პასუხი ყველა
დადებითი თუ უარყოფითი მოვლენაზე. ის, რასაც მისი ეკლესია თუ ზოგადად კაცობრიობა აწყდება
ერთი უეჭველი მიზნისკენ მიდის.
ასე, რომ
ძალიან მნიშვნელოვანი ვიცოდეთ საით მივყავართ ამ ყველაფერს, რა არის ღმერთის გეგმა,
რათა არ დავკარგოთ დრო იმის გამოსწორებაში, რაც ღმერთისაგან განწირულია და პირიქით
- არ უგულებელვყოთ ის პასუხისმგებლობა, რაც ღმერთმა დააწესა პირადად ჩვენზე - ამოგვარჩია
რა მან და მოგვცა ჩვენი მოწოდება ცხოვრებასა და მსახურებაში.
პირველი
მცნება, პირველი ტყუილი და პირველი ცოდვა
დაბ.2:16-17 „და უთხრა უფალმა ღმერთმა ადამს:
„ბაღის ყოველი ხისაგან შეგიძლია ჭამო, მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ
ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები.“
გარდა იმისა,
რომ ზემოთაღნიშნული მცნება, რომელიც ღმერთმა მისცა პირველ ადამიანებს ისტორიულ ფაქტს
წარმოადგენს, მას დიდი აზრობრივი აქტუალობა გააჩნია ჩვენს ეპოქაშიც. შეიძლება ითქვას
უფრო დიდი ვიდრე არასდროს.
ერთი შეხედვით
„კეთილისა და ბოროტის შეცნობაში“ დასაძრახი არაფერია, პირიქით ადამიანი, რომელიც კეთილსა
და ბოროტს არჩევს სათანადოდ დღეს დედამიწაზე განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ.
მაშ სად იყო პრობლემა? რატომ არ შეიძლება, რომ ადამიანმა შეიცნოს კეთილი და ბოროტი?
აქ მთავარი
პრობლემა იყო ადამიანის „თავისუფლების“ დაუოკებელი წყურვილი, რომელიც, ათასწლეულების
განმავლობაში იყო კაცობრიობის ისტორიის უდიდესი მამოძრავებელი ძალა. ადამიანები „თავისუფლებას“
ძახილით პირისპირ ეკვეთებოდნენ უეჭველ სიკვდილს. დამოუკიდებლობის ცნება ადამიანის გაკერპების
საგანი გახდა. სწორედ ადამიანის დამოუკიდებლობის წყურვილი გახდა აქილევსის ქუსლი ადამისა
და ევას ცხოვრებაში.
ამ ყველაფერს
უდიდესი გამოძახილი აქვს დღევანდელ წუთისოფელში და ეკლესიაშიც ისე, როგორც არასდროს.
მიუხედავად იმისა, რომ აღარ ხდება ისეთი მასიური დაპყრობა და დამონება ერებისა, როგორც
შუასაუკუნეებში, თავისუფლების გამო კვლავაც დიდი ბრძოლები ხდება. ადამიანს როგორც არასდროს
ისე უნდა, რომ მიაღწიოს თავისუფლებას. ამოუვიდა ყელში ისეთი ვინმეს ყოლა, ვინც ეტყვის
მას რა არის სწორი და რა - არასწორი. რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. საუკუნეების
განმავლობაში „ქრისტეს სახელით“ მებრძოლმა „ეკლესიამ“ წარმატებით გაართვა თავი რა ადამიანებისთვის
ყოფილიყო სიკეთისა და ბოროტების გარჩევის იარაღი - ბუმერანგივით დაუბრუნდა კაცობრიობას.
მაგრამ ის
„აღთქმა“, რაც სატანამ ექვსი ათასი წლის წინ მისცა ადამს თავისებურად უნდა ასრულდეს,
განსაკუთრებით ბოლო დროში. დღეს ადამიანები ცდილობენ და გარემოებაც და არსებული კანონებიც
ხელს უწყობს თვითონ იყვნენ საკუთარი „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის“ ავტორები. სურთ
თვითონ გადაწყვიტონ რა არის სწორი და არასწორი, ცდილობენ რა თავი დააღწიონ ყოველგვარ
ზეგავლენას, თვითონ აირჩიონ საკუთარი მომავალი, სექსუალური ორიენტაცია, სულიერი თუ
ადამიანური ფასეულობები.
დღეს განსაკუთრებით
დასავლეთში დიდი ადგილი ეთმობა სკოლებში მოზარდებისათვის იმის სწავლებას, რომ მათ თვითონ
უნდა გადაწყვიტონ რა არის კარგი და ცუდი. მიმდინარეობს მიზანმიმართული სწავლება „გაბატონებული“
ფასეულობებისადმი ამბოხისა. ასწავლიან, რომ თვითონ უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ცხოვრება
და დღითიდღე აცლიან მშობლებს შვილების აღზრდის ბერკეტებს.
რაოდენ სამწუხაროც
არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი წარმატებით იჭრება ეკლესიებში. ერთ დროს ყველაზე ფუნდამენტური
ეკლესიები დღეს მხოლოდ ღმერთის უკიდეგანო სიყვარულზე საუბრობენ. ისინი, ვინც ქრისტიანული
მცნებების მასწავლებლები უნდა იყვნენ პირდაპირ თუ ირიბათ ახდენენ ცოდვის წაქეზებას.
ვისზე ლაპარაკობდა ბიბლია, როცა ამბობდა: „ვინაიდან დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას
არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს“?
(2ტიმ.4:3) მხოლოდ წუთისოფელზე? განა ეკლესიაზე არა? აბა ვის გულისხმობდა პავლე როცა
ლაპარაკობდა ულმობელ მგლებზე“ და „უკუღმართად მოლაპარაკე ხალხზე“? (საქ.20:29-30).
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდობლობით ავივსოთ და ყველა ქრისტეზე მოლაპარაკეს უნდობლად
ვუყუროთ. არამედ იმას, რომ, როგორც არასდროს ისე ჭირდება ღმერთის ხალხს მთლიანად იყოს
დამოკიდებული ღმერთის მცნებაზე და მისით წყვეტდეს კეთილსა და ბოროტს და არ მოექცეს
წუთისოფლის ზეგავლენაში.
შეიძლება
გებადებათ კითხვა: როგორ შეიძლება ქრისტეს ეკლესია, რომელმაც მისი მადლის, სიყვარულის,
მისი სულის გემო ნახა, როგორ შეიძლება განუდგეს ჭეშმარიტებას? განა დაუშვებს ღმერთი
ამას? მე ვუპასუხებდი, რომ ის, ვინც ღვთისაა მუდამ ღვთისა რჩება, მაგრამ ვინ ვისია
ეს მხოლოდ ღმერთმა და თვითონ იციან. თუ ვიღაც ჩვენს შორისაა ქადაგებებზე, მსახურებებზე,
ევანგელიზაციებზე და ა.შ. ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ისინი ღმერთის შვილები არიან. სამწუხაროა, მაგრამ ბევრი მოტყუებული ადამიანი დადის
დღევანდელ ეკლესიებში და კარგი ადამიანებისა და ლამაზი მუსიკის ზეგავლენაში ყოფნა რაკი
კეთილ სურვილებს აღუძრავს - ფიქრობს რომ ღმერთისაგან შობილია, და არ ეძებს ღმერთის
ჭეშმარიტ ძალას, რომელიც ისე ცვლის ადამიანს, რომ მისი სულიერება გარემოებებზე კი არაა
დამოკიდებული, არამედ მასში არსებულ სულიწმიდაზე. და ის რაც კიდევ უფრო უარესია - ყოველთვის იყვნენ და დღესაც
არიან ეკლესიაში ადამიანები, რომლებიც მოტყუებულები კი არა პირიქით მაცდურები არიან.
ზოგი მატერიალური, ზოგიც სოციალური ინტერესები ამოძრავებთ. ზოგს კი პირდაპირ ზიანის
მიყენება უნდა ეკლესიისათვის.
მათ, ვისაც
ბიბლიაში საყვარელი მუხლების გაფერადება უყვართ, თუ უნახავთ იოანე მოციქულის პირველ
წერილს და მხოლოდ აღნიშნულ მუხლებს წაიკითხავთ, დამერწმუნეთ ბევრი რამ გამოგრჩებათ.
მართალია იოანე მოციქულს უყვარდა ღმერთის სიყვარულზე ლაპარაკი. მის წერილებში ხშირადაა
მოხსენებული ღვთიური სიყვარულის უდიდესი მნიშნველობა. მაგრამ ღვთიური სიყვარული თვალს
არ ხუჭავს ცოდვასა და ბოროტებაზე. მიუხედავად იმისა, იოანეს პირველი წერილი სიყვარულითაა
გაჟღენთილი, მასში ვპოულობთ ბევრ ისეთ სიტყვებს, რომელმაც შეიძლება ძალიან გააღიზიანოს
„სიყვარულის მქადაგებლები“. ის განსაკუთრებულ კონტრასტს ავლებს შავსა და თეთრს, ცოდვასა
და სიწმიდეს, სიყვარულსა და სიძულვილს და ზოგადად ღვთისა და არაღვთისას შორის. ის ძალიან
კონკრეტულია, როცა ამხელს იმ ადამიანებს, ვინც „ჩვენთან არიან, მაგრამ ჩვენთაგანნი
არ არიან“ (1 იოან.2:19).
განვიხილოთ
რამდენიმე ნიშანი, რაც ზოგიერთების უღვთობაზე მიუთითებს:
1. სიბნელეში
სიარული (1 იოან. 1:5-7) - აღნიშნულ კონტექსტში „სინათლეში“ ან „სიბნელეში სიარული“
მიანიშნებს იმას, რომ სინათლეში მოარული საკუთარ ცოდვას ხედავს, ხოლო ვინც ბნელში დადის
მასში არაა ღმერთი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, როცა ადამიანი სცოდავს და მიუხედავად
იმისა, რომ მრავალი რამე და ვინმე ამხილებს ცოდვაში - ის მაინც ჯიუტად რჩება თავისაზე
მიდის რა სინათლის წინააღმდეგ, ამით წარმოაჩენს საკუთარ თავს. მთავარი პრობლემა არაა
ცოდვა - რადგან ეს პრობლემა მოაგვარა ქრისტემ. მთავარი პრობლემაა - სინათლის უარყოფა.
2. მცნების
უგულებელყოფა (1 იოან. 2:4) - ესენი არიან ის ადამიანები, ვისაც არ უყვარს მცნებაზე
ლაპარაკი, არამედ ურჩევნიათ სტრუქტურაზე, გეგმებზე, თუ გნებავთ მსახურებებზე საათობით
მსჯელობა.
3. ძმის
სიძულვილი (1 იოან.2:9) - მართალია ძალიან მძიმეთ ჟღერს, შეიძლება გულუბრყვილო ქრისტიანმა
იფიქროს, რომ ეს ეკლესიაში არ შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ ვისაც ხალხთან მსახურება უწევს,
გარდა ბიბლიისა საკუთარი გამოცდილებიდანაც შეუძლია ჩამოთვალოს როგორც წარსული, ასევე
აწმყო მაგალითები ეკლესიის წევრებს შორის ფარული სიძულვილისა, ჭირდება რა დიდი ძალისხმევა
ორ ეკლესიის წევრს შორის მშვიდობის დასამყარებლად.
4. იესოს,
როგორც ქრისტეს უარყოფა (1 იოან 2:22) - მართალია ძალიან თეოლოგიურად ჟღერს, მაგრამ
ამას აქვს დიდი პრაქტიკული გამოყენება. საქმე არ ეხება მხოლოდ სიტყვიერ აღიარებასა
და უარყოფას. მისია იესოსი, როგორც ძე ღვთისა და როგორც ძე კაცისა იყო, რომ ადამიანები
გამოეხსნა მათი ცოდვებისაგან. იგი იქნა ცხებული, რათა ღმერთის ნება აღესრულებინა დედამიწაზე
და საკუთარი მსხვერპლით გამოეხსნა დაღუპვისათვის განწირული კაცობრიობა (ლუკ.4:18-19).
მიმაჩნია, რომ ამ მუხლის თანამედროვე გამოძახილია ის ადამიანები, რომლებიც დაბეჯითებით
ასწავლიან ღმერთის საყოველთაო სიყვარულზე ცოდვილების მიმართ, აღიარებენ რა, რომ არაა
აუცილებელი ქრისტეს ყოლა იმისათვის, რომ ღმერთმა შეგიწყალოს და გადარჩენა მოგცეს, არამედ
კარგი ადამიანობა საკმარისია ღმერთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. მშვიდობის მიღწევის
მიზნით თმობენ საკუთარ სულიერ ფასეულობებს და უგულებელყოფენ ჯვრის სახარების სწავლების
აუცილებლობას. უწოდებენ რა სულიერ ძმებს ყველა რელიგიურ ხალხს, მიუხედავად მათი სწავლებისა
და საქმეებისა ქრისტეს შესახებ.
5. ცოდვაში
ცხოვრება (1 იოან.3:8-10; 2იოან 9-10). დღეს უზრდელობათ ითვლება სხვის პირად ცხოვრებაში
ჩარევა. შეიძლება დიდი რისხვის ობიექტი გახდეთ თუ ვინმეს, ვინც „ჭეშმარიტ დოქტრინას“
ქადაგებს - მის პირად ცხოვრებაზე მიუთითებ. თუ კითხვას დაუსმევ მის დამოკიდებულებაზე
ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე, ოსტატურად ჩამოგიყალიბებენ ბიბლიურ დოქტრინას, ცდილობენ
რა გვერდი აუარონ საკუთარ პასუხისმგებლობას მცნების წინაშე. დღითი-დღე პოპულარული ხდება
ცნობილი სწავლება „ცხებულების ხელშეუხებლობის“ შესახებ. თუ თქვენ ეს პირადად არ გინახიათ
- გაგიმართლათ. მაგრამ რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტი „მსახური“ იფუთება ამ სწავლებაში,
რათა თავი აარიდოს მხილებით გამოწვეულ დისკოფმორტს.
6. ფულის
განსაკუთრებული სიყვარული. (1 იოან.3:17). დღესდღეობით
დიდი აქცენტები კეთდება მსოფლიოს მასშტაბით ეკლესიებში ფულზე. თუ ადამიანს ღრმა საფუძველი
არ აქვს წერილის, გაუჭირდება გაარჩიოს რა არის ბიბლიური სწავლება და რა უბრალოდ იმიტომ
ნათქვამი, რომ რაც შეიძლება მეტი შეწიროს მრევლმა. დღეს ძნელად თუ იპოვით „მეგაეკლესიებს“,
სადაც ქადაგების მთავარი თემა ფინანსური „თესვა-მკის“ პრინციპები არ იყოს. ღმერთი იწყნარებს
ისეთ ადამიანებს, ვისაც სულიერი სისუსტეები გააჩნია, როგორიცაა: სიფიცხე, მოუთმენლობა,
ზოგიერთ საკითხში ურწმუნოება, მაგრამ შეუწყნარებელია ფულისადმი სიყვარულისადმი. ის
ორ არჩევანს გვიდებს: ან ღმერთს ვემსახუროთ - ან მამონას, რადგან ორივე ერთად შეუძლებელია!
ფულის სიყვარული კი მის მოხვეჭის სიმარდეში და გაზიარების სირთულეში წარმოჩინდება.
რაც უფრო
მეტს ვკითხულობთ ამ ყველაფერს და მეტს ვიყურებით ჩვენს ირგვლივ ვხედავთ, რომ უფრო და
უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ბიბლიური წინასწარმეტყველებები უკანასკნელი დროის შესახებ.
„მაგრამ
შენ“ - ეკლესიის როლი დღევანდელ წუთისოფელში
„ვინაიდან დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას
არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს.
ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიმართავენ. მაგრამ
შენ ფხიზლად იყავი ყველაფერში,
დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება“. (2 ტიმ.4:3-5)
ეკლესიასტე
ამბობს: „ყოველივეს თავისი დრო და ყოველ საგანს
თავისი ჟამი აქვს ამ ცის ქვეშ“ (ეკლ.3:1), შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტეს ეკლესიას
სხვადასხვა ჟამში მოუწია ცხოვრება ამ ცისქვეშეთში და ვიდრე არ წაიყვანს წმიდა ეკლესიას
„სასიძო“ ამ ცისქვეშეთიდან, ყველა დროს მოუწევს შესაფერისი პოზიცია დაიჭიროს წუთისოფლის
მიმართ, რომელსაც არასდროს შეუწყვეტია პირდაპირი თუ არაპირდაპირი ბრძოლა ღმერთის ერთგულებთან.
თანამედროვე
ეკლესია ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს წუთისოფელზე, საკუთარი კეთილი მაგალითით შეცვალოს
უკეთესობისკენ ურწმუნო სამყარო. მაგრამ ცოტა თუ სვამს შეკითხვას, რამდენად ითხოვს ღმერთი
ამას ეკლესიისაგან.
წმიდა წერილის
უამრავი ადგილი ლაპარაკობს იმაზე, რომ წუთისოფელი განწირულია ცოდვის გამო. რომ ღმერთი
მოსპობს მას, მიაღწევს რა მისი გახრწნილება პიკს. ისტორიის განმავლობაში ეს ხდებოდა
ხოლმე ლოკალურად ადგილ-ადგილ, როცა ძველი ცივილიზაციები უკიდურეს გახრწნილებაში ვარდებოდნენ
და ღმერთის პასუხი იყო მათი აღგვა მიწის პირისაგან. ამისათვის საკმარისია გავიხსენოთ:
ნოეს პერიოდი, სოდომი და გომორი, ბაბილონი და სავარაუდოდ კიდევ მრავალი, რაც ბიბლიაში
არ მოხვდა. მოდით დავსვათ კითხვა: წინასწარმეტყველებს თუ არა ბიბლია გარყვნილების მასობრივ
გავრცელებაზე დედამიწაზე? და თუ კი? მაშ რატომ უნდა ვხარჯოთ ამისათვის ის ენერგია და
დრო, რომელსაც ღმერთი მახარებლობისთვისა (რაც ქრისტეს სახელით წუთისოფლის მხილებასა
და სახარებაზე მოპასუხე ხალხის გამოხსნას გულისხმობს) და მსახურებისთვის გვაძლევს?
პირველ კითხვაზე
პასუხის გასაცემათ არ დაგვჭირდება ირიბი არგუმენტები იმის სამტკიცებლად, რომ სამყაროს
აღსასრული ელის. ამ საკითხს მთელი თავები ეძღვნება როგორც ძველი აღთქმიდან ისევე ახალიდან.
მაგალითად: მათეს 24 თავი, სადაც ქრისტეს საუბრობს: რელიგიურ საცდურებზე (4-6, 11,
24 მუხლები), ომებზე, კატაკლიზმებზე (7 მუხლი), ეკლესიის დევნაზე (9 მუხლი), დიდ განდგომილებაზე
(12 მუხლი) და პირდაპირ აღსასრულზე (14 მუხლი).
ასევე ამის პარალელურია მარკოზის 13 და ლუკას 21 თავები. ოთხი სახარების გარდა
წერილებიც ბევრს ამბობენ ბოლო დროის წუთისოფლის მორალურ გახრწნაზე. აღსანიშნავია 2
ტიმოთეს წერილის მესამე თავის პირველი ნაწილი, სადაც რელიგიისა და წუთისოფლის აღრევაზე
მიანიშნებს და განსაკუთრებით აფრთხილებს ყველა მორწმუნეს თიმოთეს სახით, რათა თავი
დაიჭირონ შორს ამ ყველაფრისაგან. „ეს კი იცოდე,
რომ უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება. ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავის
მოყვარულნი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი,
უმადურნი, უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი
სასტიკნი....“ (2 ტიმოთეს 3 თავი).
მთაზე ქადაგებისას
იესომ უწოდა რა თავის მიმდევრებს „წუთისოფლის
ნათელი“ - ზოგიერთმა ეს აიტაცა ისე, რომ მისი უპირატესობა დაიჯერა ამ წუთისოფელში
და არ გაიხსენა, რომ კი ვართ ნათელი, მაგრამ ვცხოვრობთ წუთისოფელში, რომელსაც ნათელი
ჭირივით სძულს, ვინაიდან მისი საქმეები ბნელია (იოან.3:20). ასევე როცა უწოდა „მთის წვერზე მდებარე ქალაქი“ - ზოგმა ეს ამ
წუთისოფლის დიდებათ მიიღო, და არ გაიხსენა, რომ აქ დამალვაზეა საუბარი, ანუ იმაზე,
რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი ძნელად ასაღებია მტრისათვის, ყოველთვის თვალში შეეჩხირება
ამ წუთისოფლის სიბნელის მოყვარულ კაცობრიობას და პირდაპირ თუ არაპირდაპირ არ დაანებებს
თავს ბრძოლას მის დასამარცხებლად. რაკი ამ
მუხლებზე ვსაუბრობთ იმასაც შევეხები, რომ იესომ თქვა: „ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს
კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათ.5:16). ერთი
შეხედვით ჩანს, რომ ჩვენი კეთილი საქმეებით ტაშს დავიმსახურებთ ამ ქვეყნიერებაზე. მაგრამ
თუ წავიკითხავთ 1 პეტრეს წერილს მივხვდებით, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც უნებლიეთ
განადიდებენ ღმერთს იმით, რომ განდევნიან და გალანძღავენ სიმართლის მოლაპარაკეთ. „კარგად მოიქეცით წარმართებში, რათა რაშიც გაძაგებენ,
როგორც ბოროტმოქმედებეს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მოხედვის
დღეს.“ (1პეტრ.2:12)
წუთისოფელშიც
და ეკლესიების უმრავლესობაში განვითარებული მოვლენები ცხადად მიანიშნებს, რომ ამ ყველაფრის
დასასრული მოახლოებულია. და ის რაც ყოველმა ქრისტიანმა უნდა აკოთოს ისაა, რაც ზემოთაც
აღვნიშნეთ:
მაგრამ შენ ფხიზლად იყავი ყველაფერში, დაითმინე ბოროტება,
აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება“. (2 ტიმ.4:3-5)
1.
ფხიზლად
იყავი ყველაფერში: სიფხიზლე იმას მიანიშნებს, რომ ადამიანის ყველა გრძნობის
ორგანო მომართულია და თვალყურს ადევნებს მის გარემოებას. ზოგს ხედავს, ზოგს იყნოსავს
და ა.შ. ასევე უნდა იყოს ქრისტიანი ფხიზლად სულიერად. უნდა ადევნებდეს თვალყურს სულიერ
ატმოსფეროს მის ირგვლივ, იქონიოს შეუწყვეტელი ურთიერთბა სულიწმიდასთან.
2.
დაითმინე
ბოროტება: ღვთისმოსავ ადამიანს უნდა თუ არ უნდა, ბევრი მოთმინება მოუწევს. თვით
ქრისტემაც დაითმინა უსამართლობა და ბოროტება, რითიც მაგალითი დაგვიტოვა. განსაკუთრებით
ბოლო დროში უფრო და უფრო მეტი იქნება მოსათმენი და უნდა მოვიშოროთ ილუზია უკეთეს მსოფლიოზე,
არამედ გული შევამზადოთ მომავლისათვის.
3.
გააკეთე
მახარებლის საქმე: ეს დიადი დავალება ყველა ადამიანის მოვალეობაა. მახარებლობა
კი ქრისტეს სახელის გარეშე არ არსებობს. რაც უფრო მივუახლოვდებით აღსასრულს, უფრო და
უფრო რთული გახდება ამის გაკეთება.
4.
აღასრულე
შენი მსახურება: ყველა ადამიანს მისცა ღმერთმა თავისი მსახურება აღსასრულებლად.
ქრისტეს ვაზზე უნაყოფო ლერწი ვერ გაიხარებს. ერთ-ერთი ზეციდან შობის ნიშანია ისიც,
რომ ყოველთვის აქვს ლტოლვა რამე აკეთოს უფლისთვის და მისი ეკლესიისათვის.